გიორგი ბაჩიაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით, 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, ბაჩიაშვილსა და დაკავებულს შორის, ფინანსური სარგებლის მიღების სანაცვლოდ ერთი პირის საქართველოდან ფარულად გაყვანის შესახებ შეთანხმება შედგა. უწყებამ ავტომობილისა და საბარგულში მოწყობილი სამალავის ვიდეოკადრებიც გაავრცელა, რომლის საშუალებითაც ბაჩიაშვილმა ფარულად სადახლოს გამტარი პუნქტი გაიარა, შემდეგ კი სომხეთის სასაზღვრო გამტარ პუნქტზე ავტომობილიდან გადმოვიდა და მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტით გადაკვეთა სომხეთის სახელმწიფო საზღვარი.