გიორგი ანწუხელიძის სახელობის ჩემპიონატი დასრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალებში გიორგი ანწუხელიძის სახელობის 3X3-ზე კალათბურთის ჩემპიონატის გამარჯვებული დასავლეთის სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის გუნდი გახდა. გამარჯვებულ გუნდს ანწუხელიძის სახელობის გარდამავალი თასი თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა, ეროვნული გმირის შვილთან ერთად გადასცა. მეორე და მესამე ადგილებზე გასულ აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადისა და უწყების სამოქალაქო ოფისის წარმომადგენლების გუნდებს შესაბამისი სინჯის მედლები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა გადასცეს. გამარჯვებულმა გუნდებმა საჩუქრები კალათბურთის ეროვნული ფედერაციისგანაც მიიღეს.

დასკვნით ღონისძიებაზე დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების პარაკალათბურთის საჩვენებელი თამაშიც ჩატარდა. გიორგი ანწუხელიძის სახელობის 3X3 კალათბურთის ჩემპიონატი, თავდაცვის ძალების ორგანიზებითა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით უკვე მეხუთე წელია ტარდება.