გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგეს

აგვისტოს ომის გმირის გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, გიორგი ანწუხელიძის მშობლიურ სოფელში ჩავიდნენ და მისი სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების უმცროსი სერჟანტი, გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომში, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა და ნოემბრამდე ის უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა. მოგვიანებით, ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოსვენებული ათი ქართველის ცხედარს გენეტიკური ექსპერტიზა ჩაუტარდა და დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო. ის წამებით მოკლეს. გარდაცვალების შემდეგ გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.