გიორგი ანწუხელიძის დაღუპვიდან 15 წელი გავიდა

დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ტრაგიკული დაღუპვიდან 15 წელი გავიდა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის უფროსი სერჟანტი, გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ტყვედ ჩავარდნილი, წამებისა და დაკითხვის შემდეგ ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი სწორედ გიორგი ანწუხელიძე იყო.
2009 წლის იანვარში ინტერნეტით გავრცელდა ვიდეოები, სადაც მისი წამების კადრები იყო ასახული. გიორგი ანწუხელიძეს გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.