გიორგი ახობაძის სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის დაკავებული გიორგი ახობაძის პროცესი გაიმართა.

პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა თქვა. უფლებადამცველების თქმით, გიორგი ახობაძე სამართალდამცველებმა გააჩერეს და ნარკოტიკული საშუალება ძალის გამოყენებით ჩაუდეს. მხარეებმა ასევე რეპლიკები წარმოთქვეს, მათ შორის თავად ბრალდებულმაც. დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ რამდენჯერმე მოუწოდა დარბაზში დამსწრეებს წესრიგისკენ, ასევე ერთი მოქალაქე 400 ლარით დააჯარიმა პროკურორის მისამართით წარმოთქმული რეპლიკისთვის და სასამართლო სხდომის მიმდინარეობის ხელის შეშლისთვის.

დასკვნითი სხდომა 25 ივლისს 17 საათზე გაიმართება. სასამართლო ბრალდებულის საბოლოო სიტყვასაც მოისმენს. მოსამართლე კი სავარაუდოდ გადაწყვეტილებასაც გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, რომ ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალად დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას ედება. დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.