გიგა ავალიანის საქმეზე ორი პირი დააკავეს – ბრალის წარდგენა

18:01, 06.08.2026

გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილისთვის ამ წუთებში ბრალის წარდგენა მიმდინარეობს. ისინი ზაჰესის და დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორებში იმყოფებიან. სასამართლო მათთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე ხვალ იმსჯელებს. საქმე ეხება ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას. ორივე პირი, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურის შუამდგომლობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე საკუთარ საცხოვრებელ სახლებში აიყვანეს. ნია იმნაძის დაკავების კადრები, მისმა უფლებადამცველმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. დღეს იმნაძის ადვოკატს დამატებით კომენტარი აღარ გაუკეთებია. ანასტასია ბერუაშვილის უფლებადამცველი კი აცხადებს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლოს განჩინების საფუძველზე სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, თუმცა ბერუაშვილი ამ მუხლით გათვალისწინებულ ბრალეულობაში, რაც დანაშაულის შუეტყობინებლობას გულისხმობს, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

მსგავსი