გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულების სასამართლო
მოკლული გიგა ავალიანის საქმის არასრულწლოვანი ფიგურანტები ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
გამოძიება იმნაძეს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას, ბერუაშვილს კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. აღკვეთის ღონისძიების გარდა წინა სასამართლო სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზეც იმსჯელეს, რის შემდეგაც მოსამართლემ საქმე არსებით განხილვას გადასცა. სხდომას ესწრებოდნენ მოკლული პედაგოგის გიგა ავალიანის ოჯახის წევრები. ეკა კუპატაძის განცხადებით, იმნაძის ადვოკატის მხრიდან პროცესის მიმდინარეობისა და დასრულების შემდეგ პროვოკაციებს ჰქონდა ადგილი. მისი განმარტებით, ადვოკატი სხდომათა დარბაზში და სასამართლოს ეზოში მათ ვიდეოს უღებდა. თავად უფლებადამცველი მსგავს ფაქტს თავდაპირველად უარყოფდა, თუმცა ბოლოს მედიასთან დაადასტურა, რომ ვიდეო სასამართლოს ეზოში მართლაც იღებდა. ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთების შემდეგ შეუძლოდ გახდა ეკა კუპატაძე. მას პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.