28 წლის მასწავლებლის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ორი არასრულწლოვნის პროცესი გაიმართა. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. ავალიანის საქმეზე ჯამში ოთხი პირია დაკავებული, თუმცა დღევანდელ პროცესზე ორი არასრულწლოვნის საქმის განხილვა გაიმართა, რადგან საქმე ცალ-ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი. როგორც საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ დამატებითი მტკიცებულებები წარადგინა, მათ შორის იყო კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. ერთ პირს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მეორე ბრალდებულს – სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ კიდევ ორ პირს პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა. მათ, რომელთაც პროკურატურა თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა. ერთ-ერთს გამოძიება ახლა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ჯგუფურად ედავება. ამასთან, მეორე ბრალდებულს პროკურატურა მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, ახლა კი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს ბრალი. ოთხივე ბრალდებულს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული აქვს პატიმრობა.