გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულების სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული იმ ორი არასრულწლოვანი პირის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელთა ბრალიც გადაკვალიფიცირდა და დამძიმდა. სასამართლო პროცესი დახურულ კარს მიღმა წარიმართა, საქმეს გრიფი ადევს. წინასასამართლო სხდომაზე მხარეებმა, მტკიცებულებათა დასაშვებობაზე იმსჯელეს. ცნობილია, რომ პროცესზე, დაცვის მხარის მხრიდან პროკურორის აცილების შუამდგომლობაც დადგა. პროცესზე სიტყვის უფლებით ისარგებლა ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა, რომელიც ადვოკატის თქმით, კვლავ აგრძელებს შიმშილობას და თავს უდანაშაულოდ  მიიჩნევს. პარალელურად, ობიექტური გამოძიების მოთხოვნით, მთავარ საგამოძიებო უწყებასთან შიმშილს აგრძელებს, ბრალდებულის დედაც. უდანაშაულოდ მიიჩნევს თავს, კიდევ ერთი არასრულწლოვანიც რომლის ადვოკატიც აცხადებს, რომ სასამართლო სხდომების მიმდინარეობის დროს, დაცვის მხარე მის უდანაშაულობას დაამტკიცებს. ბრალდების მხარე კი აცხადებს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობით, დასტურდება, რომ ერთ-ერთი არასრულწლოვანი რამდენიმე დღით ადრე, გიგა ავალიანისთვის მოწყობილ ჩასაფრებაში მონაწილეობდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს ბრალდება დაუმძიმდა და გადაუკვალიფიცირდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებად ჯგუფურად.