გია ვოლსკის განცხადება

კურსი, რომელსაც საქართველოში ატარებდა სააკაშვილის ხელისუფლება, იყო მიმართული პირადი დიქტატორული მმართველობის სისტემის გაძლიერებაზე და ამასთანავე, მნიშვნელოვანწილად შეესაბამებოდა რუსეთის ინტერესებს, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებისას, როდესაც სრულიად იქნა იგნორირებული ჩვენს პარტნიორებთან შეთანხმებული სტრატეგია – ერთობლივად შემუშავებული „საგზაო რუკა“ და რუსეთს საშუალება მიეცა მოეხდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისთვის საჭირო გეგმის რეალიზაცია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

სააკაშვილმა 12 აპრილს, ვარშავაში უკრაინულ დიასპორასთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ზედმეტად წარმატებული უკრაინა არავის სჭირდება, ისევე, როგორც არავის სჭირდებოდა ზედმეტად წარმატებული საქართველო. მისივე თქმით, ერთი მხრივ, არსებობს პუტინი, რომელსაც უკრაინა არ სჭირდება, მეორე მხრივ – დასავლეთი კოლონიალური მიდგომებით.

როგორც ვოლსკი აცხადებს, სააკაშვილი ფაქტობრივად ტოლობის ნიშანს სვამს ოკუპანტი რუსეთისა და დასავლეთის მიდგომებს შორის, როგორც უკრაინის, ასევე საქართველოსთან მიმართებაში.