“ღირსეული პარტნიორი - 2018” დასრულდა

13 ქვეყნის 3 000-მდე ჯარისკაცი ვაზიანის პოლიგონს ტოვებს. მრავალეროვნული სწავლება “ღირსეული პარტნიორი” დასრულებულია. ორკვირიანი წვრთნების შემდეგ ჯარისკაცებმა სამხედრო მაღალჩინოსნებისა და მედიისთვის საჩვენებელი სწავლება გამართეს. ეს იყო ,,ღირსეული პარტნიორის” ისტორიაში ყველაზე მასშტაბური წვრთნები მონაწილე ქვეყნებისა და სამხედროების მკვეთრად გაზრდილი რაოდენობით. სწავლება გამორჩეული იყო იმითაც, რომ წელს პირველად მასში ამერიკული სამხედრო ვერტმფრენები აპაჩები მონაწილეობდნენ.

პოლიგონზე წარმოდგენილი იყო ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი ჯაველინიც, რომელიც დღეს ქართველმა ჯარისკაცებმა პირველად გამოიყენეს. ორი კვირის განმავლობაში სწავლების მონაწილეებს თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში წვრთნიდნენ. სწავლებაში, რომელშიც საქართველოს, აშშ-ის და ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროები იყვნენ ჩართულები, ქართული წარმოების სამხედრო ტექნიკაც გამოიყენეს.