"ღირსეული პარტნიორი-2018"

საქართველო მასშტაბურ საერთაშორისო სამხედრო სწავლებას უკვე მეოთხედ მასპინძლობს. თბილისში ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 3 000 ჯარისკაცი იმყოფება. წინა წლებთან შედარებით, 13-მდეა გაზრდილი იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც “ღირსეული პარტნიორი 2018”-ის მონაწილეები არიან. სპეციალურად წვრთნებისთვის დამატებითი სამხედრო ტექნიკაა გამოგზავნილი აშშ-დან და გერმანიიდან.

ორი კვირის განმავლობაში სამხედროები სამ სხვადასხვა ადგილზე თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში იქნებიან ჩართულები. მასშტაბური სწავლების მიზანი მონაწილე ქვეყნების თავდაცვისუნარიანობის ზრდა, ნატო-სთან თავსებადობის ამაღლება და სამხედრო უნარების გაუმჯობესებაა. გახსნის ცერემონიაზე ხელისუფლების პირველმა პირებმა რამდენჯერმე ახსენეს სიტყვა ოკუპაცია და ხაზი გაუსვეს, რომ წვრთნები არცერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული.