ღია კაფეების წარმომადგენლების პროტესტი

თბილისში მოქმედი გარე კაფეების მეპატრონეები მათი მუშაობის პროცესთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე საუბრობენ.

ობიექტების მფლობელების თქმით, პრობლემები მათ ბოლო პერიოდში მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მხრიდან ექმნებათ. მათი მტკიცებით, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები კაფეების აბრებთან, მაგიდების განთავსებასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით სისტემატიურად სთხოვენ ცვლილებების შეტანას. მათივე განცხადებით, ისინი მერიის თანამშრომლებისგან განსხვავებულ ინფორმაციებს იღებენ, რაც გაურკვევლობებს ქმნის. საკითხთან დაკავშირებით ობიექტების მფლობელები საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარეს, გიორგი გაბაშვილს შეხვდნენ.

განმარტებას აკეთებს დედაქალაქის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი. გიორგი ბაგრატიონის განცხადებით, გარე კაფეების მეპატრონეებს გონივრულ ვადაში ევალებათ დოკუმენტაციის და იმ ესკიზების წარდგენა, რის განთავსებასაც იჯარით აღებულ ტერიტორიაზე გეგმავენ.