ღარიბაშვილს მილიონი ლარის გირაოს  გადახდა დაეკისრა

საქართველოს ყოფილ პრემიერს დღეიდან ბრალდებულის სტატუსი აქვს.

ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი. გამოძიება მას თანამდებობებზე ყოფნის დროს უკანონო ბიზნესსაქმიანობის წარმოებას, არალეგალური შემოსავლების მიღებას და მათ ლეგალიზებას ედავება. საუბარია 2019-24 წლებზე, როდესაც ღარიბაშვილს ჯერ თავდაცვის და მოგვიანებით პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა. საქმეში ფიგურირებს სოლიდური თანხები, მათ შორის 6 მილიონ ნახევარი დოლარი, რომელსაც გამოძიება სწორედ მთავრობის ყოფილი მეთაურის სახლიდან ამოღებულად აცხადებს. მილიონი ლარის გირაო, ჩამორთმეული პასპორტი, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა – ასეთია მოსამართლე ეკა ბარბაქაძის დღევანდელი გადაწყვეტილება. პროცესს ესწრებოდა ყოფილი პრემიერი, რომელიც რამდენიმე სიტყვით შემოიფარგლა. ბრალდების მხარეს არ დაუკონკრეტებია, რა სამეწარმეო საქმიანობით იყო მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი დაკავებული. დაცვის მხარე მხოლოდ ღვინის ბიზნესზე მიუთითებს. გამოძიება გრძელდება, საქმეზე პროკურორი სხვა პირების დაკითხვასაც აანონსებს. კიდევ ერთი დეტალი – ადვოკატებმა დღეს რამდენჯერმე გაუსვეს ხაზი, რომ ექსპრემიერის მიმართ გამოძიებას კითხვები 4 ოქტომბერზე არ აქვს.