ღალატი და საბოტაჟი – ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება დაიწყო 

21:13, 07.08.2026

თავდაპირველ განცხადებაზე კიდევ უფრო მძიმე რეაქცია მოჰყვა გია ბარამიძის განმარტებას და მოგვიანებით გავრცელებულ ვიდეო მიმართვას.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს გამოძიების კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. სამშობლოს ღალატი და საბოტაჟი, აფხაზეთის ომის დროს ტყვეების გაცვლის პროცესზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, პროკურატურამ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. საფუძველი ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის მიმართვა გახდა. საგამოძიებო უწყებამ უკვე გამოკითხა კობა კობალაძე. განცხადებამ, რომლითაც გია ბარამიძემ ქართველ მეომრებს ტყვეების დახვრეტაში დასდო ბრალი, მეორე მხარე კი პოზიტიურ კონტექსტში ახსენა და მათი ქმედებები რუსული დისციპლინის გავლენით ახსნა, განსაკუთრებით ვეტერანები გააღიზიანა. აფხაზეთის ომის მონაწილეები, ბარამიძის რიტორიკას მიზანმიმართულ პროვოკაციად და ქართველი მეომრების შეურაცხყოფად აფასებენ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ. თავად განცხადების ავტორი, კონტექსტის დამახინჯებაზე მიუთითებს, მის წინააღმდეგ აღძრულ  საქმეში კი პოლიტიკურ მოტივებს ხედავს. ომის უმძიმეს დანაშაულთან ქართველი მეომრების დაკავშირებას არანაკლებ მწვავე შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ წრეებში. მმართველ გუნდთან ერთად ოპოზიციის უმრავლესობაც თანხმდება, რომ ბარამიძის განცხადება სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს სოლიდარობას მხოლოდ მშობლიური პარტია უცხადებს.

მსგავსი