ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის შემდეგ ქართველ ოფიციალურ პირებს სავიზო შეზღუდვებს გერმანია უწესებს.
ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „იქსის“ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა, ქვეყანაში შესვლა აქციების ჩახშობაზე პასუხისმგებელ პირებს ეკრძალებათ. გასული წლის 31 დეკემბერს სანქცირებულთა მსგავსად, გერმანული მხარე კონკრეტულ სახელებსა და გვარებს არც ამ შემთხვევაში ასაჯაროებს, პროტესტის მონაწილეებს კი მხარდაჭერას უცხადებს. ოფიციალური ბერლინის გადაწყვეტილებით კმაყოფილია ოპოზიცია, სადაც გარე ზეწოლას ახალი არჩევნების დასანიშნად ერთ-ერთ მთავარ ბერკეტად განიხილავენ. საქართველოსთან დაკავშირებით კონსენსუსის არ არსებობის ფონზე ხელისუფლების ოპონენტები ელოდებიან, რომ სანქციებს ევროკავშირის სხვა ქვეყნები ინდივიდუალურად შეუერთდებიან. მორიგი სანქციები მოულოდნელი არ ყოფილა მმართველი გუნდისთვის. „ქართულ ოცნებაში“ ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ერთად გერმანიასაც ოპოზიციის მხარდამჭერად მოიაზრებენ.