გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ მიმავალ გზაზე საქართველო მხარდაჭერას იღებს გერმანიის პირველი დიპლომატისგან.

თბილისი მაღალი რანგის სტუმარს მასპინძლობს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი მესამე სექტორთან შეხვედრით დაიწყო და ხელისუფლების პირველ პირებთან აუდიენციით გაგრძელდა, დღის ბოლოს კი ანალენა ბერბოკი ოპოზიციას შეხვდა. დღის წესრიგის მთავარი თემა კანდიდატის სტატუსია. ბერბოკი 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში პროგრესს ხედავს – მისი მთავარი გზავნილი რეფორმების გაგრძელება, პუნქტების გარშემო ერთობლივი მუშაობა და პოლარიზაციის შემცირებაა. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მართლმსაჯულებაზე, მედია-თავისუფლებაზე და სამოქალაქო სექტორის თავისუფალ მუშაობაზე. ბუნებრივია, ბერბოკს ჰკითხეს ჩამოსვლამდე გაკეთებულ ცნობილ განცხადებაზეც, სადაც ის საქართველოს პროევროპული კურსის აცდენის მცდელობაზე საუბრობდა. გერმანელი ჟურნალისტების ძირითადი კითხვები კი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას და დეოლიგარქიზაციის პუნქტს ეხებოდა.