გერმანიის საელჩოს განცხადება

15:17, 30.01.2026

გერმანიის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს და იმ რეკომენდაციათა ჩამონათვალს ასახელებს, რომელიც გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ განხორციელებული შემოწმების პროცედურის შემდეგ, ჟენევაში 26 იანვარს დასკვნის სახით დაიდო. გერმანია წუხილს გამოთქვამს, რომ არ არსებობს ანგარიშვალდებულება დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე ძალადობრივ თავდასხმებთან დაკავშირებით და რეკომენდაციებს უწევს საქართველოს, გამოიძიოს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადაჭარბებული გამოყენების შესახებ ცნობები, გააუქმოს ან შეცვალოს ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონი და „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები; გადახედოს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შეტანილ ცვლილებებს, გააუქმოს ან ძირეულად შეცვალოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონსა და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების“ შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები.

გერმანიის საელჩო განმარტავს, რომ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო ახორციელებს შემოწმების პროცედურას, რომელიც ყველა წევრმა სახელმწიფომ პერიოდულად უნდა გაიაროს. ეს პროცედურა ეფუძნება გაერო-ს ქარტიას, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, ადამიანის უფლებათა კონვენციებსა და შესაბამის შემთხვევაში, საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს.

 

მსგავსი