გერმანიის მთავრობის პასუხი პეტერ ფიშერთან დაკავშირებულ შეკითხვებზე
რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ გერმანიის მთავრობამ იმავე ოპოზიციური ფრაქციის იმ შეკითხვებსაც უპასუხა, რომლებიც საქართველოში უშუალოდ გერმანიის ელჩის საქმიანობას ეხება.
ერთ-ერთ კითხვაზე, – ქირაობდა თუ არა პეტერ ფიშერი ფართს ოპოზიციური პარტიის ლიდერისგან, მამუკა ხაზარაძისგან, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას არ ადასტურებს. და ეს მაშინ, როცა „ლელოს“ ლიდერს უძრავი ქონების ქირაობის ხელშეკრულებაზე ინფორმაცია დადასტურებული აქვს. კიდევ ერთი კითხვა ეხებოდა იმას, თუ რომელ ოპოზიციურ ჯგუფებს შეხვდა ბოლო ათი კვირის განმავლობაში ფიშერი და რა თემებს ეხებოდა შეხვედრა. გერმანიის საგარეო უწყება წერს, რომ მუნიციპალური არჩევნების შემდეგ გერმანიის ელჩი ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიას, გიორგი გახარიას პოლიტიკურ ძალას შეხვდა, თუმცა, კონფიდენციალურობის დაცვის არგუმენტით, სამინისტრო შეხვედრის დეტალებზე კომენტარისგან თავს იკავებს.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის ოპოზიციურმა პარტიამ, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის მთავრობას საქართველოში გერმანიის ელჩის საქმიანობასთან დაკავშირებით შეკითხვების ცალკე ჩამონათვალით ცოტა ხნის წინ მიმართა.