გერმანიის კანცლერის ვიზიტი - პოლიტიკური შეფასებები

ანგელა მერკელის დღევანდელ გამოსვლაში მმართველმა გუნდმა გერმანიის ურყევი მხარდაჭერის არაერთი გზავნილი ამოიკითხა. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ოკუპაციის თემაზე გაკეთებულ შეფასებებზე და იმ განცხადებაზე, რომლის მიხედვით შექმნილ სიტუაციასთან შეგუება არ უნდა მოხდეს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებისთვის მნიშვნელოვანია ვიზალიბერალიზაციაზე დაფიქსირებული პოზიცია და კანცლერის მიერ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის შემცირების ხაზგასმა. მმართველი პარტიისგან გასხვავებით, პრემიერ ბახტაძის დღევანდელი გამოსვლის მიმართ შენიშვნები აქვთ ოპონენტებს. ოპოზიცია ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობის მეთაური ზოგადი განცხადებებით შემოიფარგლა, ოკუპაციაზე საუბრის დროს კი ოთხოზორია-ტატუნაშვილის მკვლელობები არ ახსენა.