გერმანიის ელჩის საკითხი - შეფასებები

გერმანიამ საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ამის შესახებ გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული. „მრავალი თვის განმავლობაში საქართველოს ხელმძღვანელობა ევროკავშირის, გერმანიის და ასევე პირადად გერმანიის ელჩის, ფიშერის წინააღმდეგ აგიტაციას აწარმოებს. შესაბამისად, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, გაიწვიოს ელჩი ფიშერი კონსულტაციებისთვის, როგორ გაგრძელდება მუშაობა. ხვალ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოს საკითხს განიხილავს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 24 სექტემბერს პეტერ ფიშერი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, მომდევნო დღეს კი გერმანელი დიპლომატი კანცელარიაში უკვე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან სასაუბროდ მიიწვიეს. მმართველ პარტია პეტერ ფიშერს ვენის კონვენციის დარღვევასა და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის გამო გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში ხშირად აკრიტიკებდა, მათ შორის კონკრეტულ სასამართლო პროცესებზე სიარულისა და ბრალდებულთა მხარდაჭერის გამო. ასევე კრიტიკა გამოიწვია იმ ორგანიზაციების და თუ პირების ღია მხარდაჭერამ, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე აქციებს აორგანიზებდნენ. გერმანიის ელჩი ასევე ფიგურირებდა მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებულ სავარაუდო საგადასახადო დარღვევაში, რომლის მიხედვითაც, შესაბამისი სამსახურების ცნობით, გერმანიის ელჩი ოპოზიციონერი ლიდერისგან ბინას იჯარის წესების დარღვევით ქირაობდა. ამასთან, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მამუკა ხაზარაძის ქონების ქირავნობასთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა თავად გერმანიაში. პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საპარლამენტო ჯგუფმა გერმანიის მთავრობას ფიშერთან დაკავშირებით კითხვებით მიმართა. შესაბამისი დოკუმენტი ბუნდესტაგის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გერმანიამ პიტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვია