გერმანიის ელჩის მორიგი კრიტიკა და მმართველი გუნდის პასუხი

გერმანიის ელჩს დიპლომატიური ქცევის წესებს კიდევ ერთხელ ახსენებენ და გერმანია-საქართველოს 30-წლიანი მეგობრობის დანგრევაში ადანაშაულებენ.

მმართველი გუნდის მწვავე კრიტიკა ამჯერად პეტერ ფიშერის ბოლო  გზავნილებს მოჰყვა. გერმანელმა დიპლომატმა ონლაინ გამოცემა „ბათუმელებთან“ ინტერვიუში, ოფიციალური თბილისის ქმედებები დემოკრატიულ უკუსვლად, საკანონდებლო ცვლილებები ევროკავშირთან შეუთავსებლად და „დიფ სთეითთან“ დაკავშირებული განცხადებები გამოგონილ ნარატივად შეაფასა. ელჩმა პირდაპირ განაცხადა, რომ ევროკავშირის კანონმდებლობის არ მიღების შემთხვევაში საქართველო გაერთიანების წევრი ვერ გახდება. მძიმეა საპასუხო რეაქციები – პეტერ ფიშერმა განსაკუთრებული კრიტიკა პარლამენტის თავმჯდომარისგან დაიმსახურა. ძალადობის მხარდაჭერა, ვენის კონვენციის დარღვევა, საქართველოს შიდა საქმეებში და სხვა ელჩების კომპეტენციაში ჩარევა – ეს მხოლოდ ნაწილია იმ ბრალდებებისა, რასაც შალვა პაპუაშვილი გერმანელ დიპლომატს უყენებს. საპასუხო კრიტიკის ფონზე ოფიციალური თბილისი ახლა პეტერ ფიშერის შემცვლელის მოლოდინშია და იმედოვნებს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობების ნორმალიზება ახალი ელჩის პირობებში მაინც მოხერხდება.