გერმანიაში სამუშაოდ წასული მოქალაქეები დაბრუნდნენ

გერმანიაში ლეგალურად დასაქმების პროგრამით წასული საქართველოს მოქალაქეები გათენებისას სამშობლოში დაბრუნდნენ. ისინი 24 ივნისს უნდა გამოფრენილიყვნენ, თუმცა „პსრ ტესტის“ პასუხის დაგვიანებით მისვლის გამო, კიოლნის აეროპორტში ჩარჩნენ. მათი დაბინავება და ბილეთების გადაცვლა გერმანიაში საქართველოს საელჩომ უზრუნველყო, რის გამოც მოქალაქეებმა ლევან იზორიას მადლობა გადაუხადეს, თუმცა აღნიშნეს, რომ მანამდე მათ არანაირ ყურადღებას არ აქცევდნენ. ამიტომ, ისინი საქართველოს დასაქმების სააგენტოსა და გერმანელი დამსაქმებლების წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას აპირებენ.

საქართველოს 24 მოქალაქე გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე დასაქმების სახელმწიფო პროგრამით 9 მაისს გაემგზავრა. ადგილზე ჩასულები ღირსების შემლახველ და არაადამიანურ საცხოვრებელ პირობებში აღმოჩნდნენ. ამასთან, დამსაქმებელი მათ კონტრაქტით გათვალისწინებულზე გაცილებით დაბალ ანაზღაურებას უხდიდა. მოგვიანებით საქართველოს მოქალაქეები გერმანულმა მხარემ სხვა დამსაქმებელთან გადაიყვანა, თუმცა ანაზღაურების პრობლემა ამ შემთხვევაშიც შეექმნათ. სამშობლოში დროზე ადრე დაბრუნების გადაწყვეტილება, ჯგუფის 11-მა წევრმა მიიღო.