გერმანიაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია იწყება

გერმანიაში მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 56-ე ყოველწლიური კონფერენცია იწყება. კონფერენციას მსოფლიო 35 ლიდერთან ერთად, 100-ზე მეტი მაღალი რანგის პოლიტიკოსი, მათ შორის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები დაესწრებიან. ქართული დელეგაცია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით არის წარმოდგენილი.

წლევანდელი კონფერენციის მთავარ თემებს შორის იქნება „დასავლეთი“, თუ რას ნიშნავს, იყო დასავლეთის სამყაროს წევრი. მის წინაშე არსებული გამოწვევები, კრიზისები, რომელიც დასავლეთის კოორდინირებულ რეაგირებასა და ერთიან სტრატეგიას საჭიროებს. განიხილება ევროპული პროექტი, იმსჯელებენ თავდაცვით თანამშრომლობასა და საერთაშორისო წესრიგზე. უსაფრთხოების პოლიტიკის ეფექტურობასა და ჯანდაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის კორონავირუსზე.

დისკუსიას ამ თემაზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პრეზიდენტი დაესწრება. ექსპერტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან განიხილავენ ცხელ წერტილებს დაწყებული ლიბიიდან, სპარსეთის ყურესა და აღმოსავლეთ აზიამდე. მიუნხენში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, სასტუმროსთან, სადაც კონფერენცია იმართება, მობილიზებულია სამი ათასამდე სამართალდამცველი.