გერმანია-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივა

15:09, 21.07.2026

საქართველოს ელჩი გერმანიაში ალექსანდრე კარტოზია გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელებს 23 ივლისს გადასცემს. შესაბამისი ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ალექსანდრე კარტოზია, რომელიც ელჩად გასული წლის პირველ ოქტომბერს დაინიშნა, შესაბამისი პროცედურების დასრულებას ათი თვის განმავლობაში ელოდებოდა. გერმანიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია ადგილობრივი დროით 10:30 საათზე გაიმართება. აღსანიშნავია, რომ გერმანიას დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ჯერ არ წარუდგენია. ქართული ოცნების ხელისუფლების მწვავე კრიტიკით გამორჩეული პეტერ ფიშერის საქართველოდან წასვლის შემდეგ, ეს თანამდებობა ვაკანტურია. ოფიციალური თბილისი, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობების გაუარესებას სწორედ ფიშერს უკავშირებდა, ვითარების ნორმალიზებას მისი შემცვლელის დანიშვნის შემდეგ ელოდება. ასევე, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდიდან წაიშალა ინფორმაცია, სადაც ამ დრომდე სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.

მსგავსი