გენინსპექციამ შსს-ს ორი თანამშრომელი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორმა სხვადასხვა პირების შსს საინფორმაციო ცენტრის ბაზებში უკანონოდ გადამოწმებისა და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ, ქრთამის სახით, ფულადი თანხა აიღო. დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება დაცვის პოლიციის თანამშრომელს, ის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით დააკავეს. აჭარის დაცვის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი, მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელს პერიოდულად ავალებდა არაგაბარიტული ტვირთების დაცვა-გაცილების შესახებ ბრძანებებში ყალბი მონაცემების შეტანას. დანაშაული ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.