საპროკურორო საბჭოზე, საბჭოს პროკურორმა წევრმა შოთა ტყეშელაშვილმა გენერალური პროკურორობის კანდიდატად, საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე გიორგი გვარაკიძე წარადგინა. გიორგი გვარაკიძემ, საქართველოს პროკურატურაში მუშაობა 2003 წელს სტაჟიორი პროკურორის პოზიციიდან დაიწყო და წლების განმავლობაში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას. იყო დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის მოადგილე-საგამოძიებო ნაწილის უფროსი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი; ქუთაისის რაიონული პროკურორის მოადგილე; თბილისის პროკურორი და სხვა.ასევე, გიორგი გვარაკიძე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში იკავებდა სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობებს. 18 ივნისს, საპროკურორო საბჭოს სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატთან გიორგი გვარაკიძესთან გასაუბრება გაიმართება, რის შემდეგაც საბჭოს წევრები კენჭს უყრიან დასახელებულ კანდიდატს. გენერალური პროკურორობის კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენად პროცესი 13 ივნისს დაიწყო.