გენერალური პროკურატურის შუალედური დასკვნა - გამოხმაურება

პოლიტიკური შეფასებების თემაა არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტზე საქართველოს გენერალური პროკურატურის გამოძიების შუალედური ანგარიში. ოპოზიცია პროკურატურის გამოძიებას არ ენდობა და აცხადებს, რომ არჩევნები იყო სისტემურად გაყალბებული. განსხვავებულია მმართველი გუნდის შეფასება, რომელიც აცხადებს, რომ ნებისმიერი განცხადება, რომ არჩევნები მიტაცებულია – სიცრუე აღმოჩნდა. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, მოწმეთა უმეტესობამ გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი მტკიცებულება არჩევნების სავარაუდო გაყალბების თაობაზე. ექსპერიმენტის ფარგლებში კი, რომელიც უწყების განცხადებით საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით დაიგეგმა, გამოირიცხა ერთი ამომრჩევლის მიერ როგორც სხვადასხვა, ასევე ერთსა და იმავე საარჩევნო უბანზე განმეორებითი თუ მრავალჯერადი ხმის მიცემის თეორიული შესაძლებლობა. საგამოძიებო პროცესი ისევ გრძელდება.