გენერალური პროკურატურის შუალედური დასკვნა

პოლიტიკური უთანხმოება გაამძაფრა პროკურატურის შუალედურმა დასკვნამ.

საგამოძიებო უწყების წინასწარი ანგარიშის მიხედვით, ბოლო ორ თვეში გამოკითხულმა მოწმეებმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ წარადგინეს. 800-მდე საგამოძიებო მოქმედება და 400-მდე დაკითხული – თუ პროკურატურის განცხადებას დავეყრდნობით, საგამოძიებო ექსპერიმენტებმა ვერიფიკაციის აპარატებით ხმების გაყალბების შესაძლებლობა გამორიცხა. მმართველი გუნდი ოპონენტების ბრალდებებს ეუთო-ოდირის დასკვნასთან ერთად ახლა სწორედ გამოძიების შუალედურ დასკვნას უპირისპირებს. თუმცა ოპოზიცია საგამოძიებო უწყებას უნდობლობას უცხადებს და ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას დღის წესრიგიდან არ ხსნის. თავის დროზე პროკურატურამ არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე ძიება ყოფილი პრეზიდენტის, ოპოზიციონერი ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებების საფუძველზე დაიწყო. გამოკითხვაზე დაბარების პასუხად პოლიტიკოსების და უფლებადამცველების ნაწილმა პროკურატურაში მისვლაზე უარი თქვა და მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.