საქართველოს პროკურატურამ, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ კიდევ 13 პირს ბრალდება წარუდგინა. ორ მათგანს ბრალდება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით წარედგინა, რაც ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 10 პირს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და ჯგუფურად ჩადენილი, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა ედება ბრალად, რაც ასევე ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ერთ დაკავებულს კი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან, რაც ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, შინაგან საქმეთა სამინისტროში, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ორგანიზატორების მოწოდებების შესაბამისად, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მიზნით, დააზიანეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის დამცავი ღობე და შეიჭრნენ ეზოში. სამართალდამცველების მიმართ ბრალდებულები გამოხატავდნენ აგრესიას, ისროდნენ რკინის კონსტრუქციებსა და სხვა საგნებს, აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.
ამავდროულად, პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთმა დაკავებულმა პოლიციელს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო მეორემ სამართალდამცველების მიმართულებით ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი.