გენერალი კვინიტაძე მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს 

„ჰერიო ბიჭებო“, შავჩოხოსნები და დახრილი დროშები – 2021 წლის 26 მაისი დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ისტორიაში გამორჩეულ ადგილს დაიკავებს. სამების საკათედრო ტაძარში დღეს საკმაოდ ემოციური და ამაღელვებელი ცერემონია შედგა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების პირველი მთავარსარდალი, გენერალი გიორგი კვინიტაძე დღეს მშობლიურ მიწას მიაბარეს. ქართული რეგულარული არმიის და პირველი სამხედრო სკოლის დამაარსებლის ნეშტი საფრანგეთიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოასვენეს და სამხედრო პატივით მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. სწორედ მის სახელს უკავშირდება ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბება და არაერთი წარმატებული სამხედრო ოპერაცია. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში წასული გენერლის მრავალწლიანი ოცნება ახდა – 100 წლის შემდეგ ის დამოუკიდებელ საქართველოში დაბრუნდა.