გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ცხინვალის ციხეში ორწლიანი უკანონო პატიმრობის მძიმე დასასრული – თბილისში გადმოყვანილი გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

საოკუპაციო რეჟიმის ტყვე ინსულტის დიაგნოზით ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში მკურნალობს. ის უგონოდაა. ე.წ. საზღვრის კვეთის და ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს დე-ფაქტო რეჟიმის მხრიდან სამწლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. უკანონოდ დაკავებული ბესტაევის გათავისუფლებას ყველა საერთაშორისო ფორმატსა თუ შეხვედრაზე მთავარ მოთხოვნად აყენებდნენ, რაც არაღიარებული რეჟიმის მხრიდან მუდმივად იგნორირებული იყო. ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების შემდეგ საქართველოს მოქალაქე ჯერ ცხინვალის საავადმყოფოში, მოგვიანებით კი თბილისში გადმოიყვანეს. გორის რაიონის სოფელ ზარდიაანთკარის მკვიდრის სახლთან მავთულხლართებია გავლებული, რის გამოც წლების განმავლობაში ის არაერთხელ იყო უკანონოდ დაკავებული.