რაჭა „გემო ფესტს“ მასპინძლობს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ფესტივალი ორი დღის განმავლობაში ამბროლაურში, ახალ სანაპიროზე უმასპინძლებს, როგორც ქართველ, ისე უცხოელ ვიზიტორებს. წლევანდელ „გემო ფესტში“ 15-მდე ადგილობრივი მზარეული მიიღებს მონაწილეობას. გასტრონომიული ფესტივალის მონაწილეებს საშუალება ექნებათ წარადგინონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი რაჭული კერძები. ამბროლაურში, ახალ სანაპიროზე მოეწყობა კვების სივრცე, ასევე სამეწარმეო და ღვინის ბაზრობა. „გემო ფესტის“ ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის შემეცნებითი და გასართობი აქტივობები.
სპეციალურად „გემო ფესტისთვის“, აეროპორტების გაერთიანებამ რაჭის სტუმრებისთვის დამატებითი ავიარეისებიც დანიშნა. წელს პირველად, „გემო ფესტს“, მთავარი მხარდამჭერის სტატუსით ამბროლაურის ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტი უერთდება.