გემების ტვირთამწეობის მაჩვენებელი გაიზარდა
მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოს პორტებში მიღებული გემების ჯამური ტვირთამწეობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 19%-ით გაიზარდა და 10.7 მილიონს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს. უწყების მონაცემებით, გაზრდილია პორტების მიერ დამუშავებული ტვირთების მოცულობაც. სააგენტოს შეფასებით, ნავსადგურებში ტვირთამწეობის მკვეთრი ზრდა რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვია. კერძოდ, გაძლიერდა საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობა ნავსადგურების გამტარუნარიანობის გასაზრდელად, ასევე ხორციელდება ფსკერდაღრმავებითი სამუშაოები. ამასთან, ბიუროკრატიული მიზეზებით, გემების მოცდენის მაჩვენებელი 24 საათიდან ერთ საათამდეა შემცირებული, რაც, როგორც სააგენტო აღნიშნავს, რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესოა.