როგორია გელათის სამონასტრო კომპლექსის მდგომარეობა და რა ტიპის სამუშაოები უნდა ჩატარდეს? – კედლის მხატვრობისა და მოზაიკის შესახებ ერთწლიანი კვლევის შედეგები უკვე ცნობილია. ინგლისელმა და იტალიელმა ექსპერტებმა პრეზენტაცია პრემიერ-მინისტრს, მთავრობის წევრებსა და საპატრიარქოს წარმომადგენლებს წარუდგინეს. დასკვნის საფუძველზე ირკვევა, რომ კედლის მხატვრობას მთავარ პრობლემას სინესტე და მისგან წარმოქმნილი მარილები უქმნის.
რაც შეეხება მოზაიკას, მისი 89 % კედელს დაშორებულია და ჩამოშლის პირას არის. ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად, ექსპერტების განცხადებით, უახლოეს პერიოდში შესაბამისი გეგმა შემუშავდება, რის შემდეგაც კონსერვაცია-რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყება, რაც, სავარაუდოდ, 2-დან 5 წლამდე გაგრძელდება.