მრავალწლიანი სამუშაოების, არასწორი ჩარევების და მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური კედლის მხატვრობის დაზიანების შემდეგ გელათის სამონასტრო კომპლექსში მთავარი ტაძრის ახალი დროებითი გადახურვის მოწყობა დასრულდა.
სამუშაოები თავიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც რესტავრაციის პროცესი 2023 წლის თებერვლიდან კულტურის სამინისტროსგან საპატრიარქომ გადაიბარა. დროებითი კომიტეტი კვლევით და ფიზიკურ სამუშაოებს ქართველ და უცხოელ მეცნიერ-რესტავრატორებთან ერთად აწარმოებს. წინა წლების მაგალითების გათვალისწინებით ახლა მთავარი კითხვაა, რამდენად დაიცავს ახალი გადახურვა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარს წყლის ჩასვლისა და ფრესკების დაზიანებისგან. დროებითი კომიტეტის წევრები ამბობენ, რომ სამუშაოები უმაღლესი სტანდარტითაა შესრულებული და გათვალისწინებულია იუნესკოს რეკომენდაციები.