გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის განცხადება
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი განცხადებას ავრცელებს და ორი დღის წინ სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც საუბარი იყო, რომ რეაბილიტაციის ფარგლებში დროებითი გადახურვა და მისი გათბობის სისტემა გელათის შიგნით ფრესკებსა და კედლებს გრძელვადიან პერიოდში დამატებით პრობლემებს შეუქმნის. გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი ამ ინფორმაციას სიცრუესა და დეზინფორმაციულ კამპანიას უწოდებს და განმარტავს, რომ გელათის დროებითი გადახურვის პროექტი ევროპელი და საერთაშორისო სპეციალისტების შემუშავებულია და მასში გათვალისწინებულია რეგიონის კლიმატური სპეციფიკა. მათ შორის ის, რომ ტაძრის დროებით გადახურვაზე არ შეიძლება 20 სანტიმეტრზე მეტი სიმართლის თოვლის დადება. ამის თავიდან ასაცილებლად კი სწორედ გათბობა-ვენტილაციის სისტემაა დამონტაჟებული, რათა, საჭიროების შემთხვევაში, თოვლი ეფექტიანად დაადნონ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ წლევანდელი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, გათბობის ჩართვა შესაძლებელია საერთოდ არ გახდეს საჭირო. თუმცა, საჭიროების შემთხვევაშიც, საუბარია რამდენიმესაათიანი ციკლებით გათბობის გამოყენებაზე და არა მუდმივ ჩართვაზე.