გელათის მონასტრის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის საკონსერვაციო პროგრამის მორიგი ფაზის ფარგლებში, საქართველოში სამუშაო მისიით, მოზაიკის კონსერვაციის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი რობერტო ნარდი და რომის არქეოლოგიური ცენტრის მრავალპროფილური გუნდი იმყოფებიან. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
საკონსერვაციო პროგრამა ორ ძირითად ფაზადაა დაყოფილი: პირველ ფაზაში განხორციელდება პრევენციული კონსერვაცია, რომლის შემდეგაც, პროფესორი ნარდი, მისი გუნდის წევრებთან ერთად, შეიმუშავებს სრულ საკონსერვაციო პროექტს და მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან შეთანხმების შემდეგ, მეორე ფაზის – მოზაიკის კომპოზიციის სრული საკონსერვაციო სამუშაოები განხორციელდება. გელათის მოზაიკური კომპოზიციის პრევენციული კონსერვაციის პროექტის განხორციელება დაგეგმილია ეტაპობრივად, 2026 წლის აპრილის ბოლომდე, რაც მოზაიკის დამცავი/დამჭერი კონსტრუქციის დამონტაჟებით დასრულდება. პარალელურად, გრძელდება გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის კედლის მხატვრობის საკონსერვაციო პროგრამა.