გელა მთივლიშვილის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტ გელა მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით აღიძრა. ინფორმაციას ამის შესახებ უწყებაში ადასტურებენ. თავდასხმის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა თავადვე გაავრცელა. როგორც მთივლიშვილი „ფეისბუქზე“ წერს, თავდასხმის შედეგად სახე დაუზიანდა. „ეთერიდან გამოსვლისთანავე თავს დამესხა ჰესების ლობისტი, „ქართული ოცნების“ მოძველბიჭო ელემენტი მარგებაძე. სახე მაქვს დაზიანებული. მივედი პოლიციაში. პასუხს აგებს!“,- დაწერა მთივლიშვილმა.
ფაქტს მალევე სოციალური ქსელით გამოეხმაურა თავად გიორგი მარგებაძე, რომელმაც მთლივლიშვილის საპასუხოდ დაწერა: „რა ამბავი აუტეხია. დასრულდა ეთერი, გამომიწვიეთ, გაგინეთ ორივეს, დასარტყმელად გამოიქაჩე და დაგასწარი. ჰესები? დიახ! რაც შეიძლება მეტი ჰესები ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის!!!“.