ამბროლაურის ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტში სრულმასშტაბიანი გეგმიური სწავლება გაიმართა.
სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ამბროლაურის აეროპორტის შესაბამისმა სამსახურებმა და დასავლეთ საქართველოში არსებულმა სხვადასხვა სტრუქტურებმა. იმიტირებული სცენარის მიხედვით, ამბროლაურის აეროპორტში უცნობმა პირმა მუქარის შემცველი წერილი დატოვა, ხოლო მოგვიანებით აეროპორტში ანონიმური ზარი განხორციელდა, სადაც უცნობი პირი დრონის საშუალებით ამბროლაურის აეროპორტში ტერორისტული აქტის განხორციელებას აანონსებს. ინფორმაციის მიღებისთანავე, ამბროლაურის აეროპორტში ცხადდება საერთო განგაში და იკრიბება საავარიო-ოპერატიული ცენტრი. აეროპორტი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. სწავლების მიზანია აეროპორტში საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში მონაწილე ორგანიზაციების და სამსახურების რეაგირების დროის დადგენა, ასევე საგანგებო სიტუაციებში მოქმედების გეგმით გათვალისწინებული პროცედურების კოორდინირებულად და ეფექტიანად წარმართვა.