გეგა გეგეშიძის საქმის განხილვა გრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის საქმის განხილვა გაიმართა.

დღეს დაცვის მხარემ შესავალი სიტყვა წარმოთქვა. გეგეშიძის უფლებამდამცველის განცხადებით, დათუნაშვილსა და გეგეშიძეს შორის მომხდარი დაპირისპირება დათუნაშვილის პროვოცირებულია და მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა. თავად გეგეშიძემაც მიმართა სასამართლოს და აღნიშნა, რომ სიმართლის დადგენის სურვილი აქვს.

2019 წლის 11 იანვარს ზურაბ დათუნაშვილსა და რობერტ კობლიაშვილს შორის ფინალური შეხვედრისას, მსაჯის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ჩხუბი მოჰყვა. დაპირისპირების შემდეგ, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, ზურაბ დათუნაშვილმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ თანამდებობა უნდა დატოვოს.

სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, 22 იანვარს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე დააკავეს. საბოლოოდ სასამართლომ გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და თანამდებობას ამ დრომდე ინარჩუნებს.