თბილისში ბუნებრივი აირის ავარიულად გამორთვის მიზეზის დასადგენად მოკვლევა დაიწყო.
პარალელურად უკმაყოფილო აბონენტთა მიმართვის საფუძველზე 17 თებერვალს საჯარო მოსმენა სემეკ-ში გაიმართება. 9 თებერვალს 500 მილიმეტრიანი მილის დაზიანების შედეგად გაზი ვაკე-საბურთალოს რაიონის 150 ათასამდე აბონენტს შეუწყდა, გაზმომარაგების აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება, თუმცა დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილს ბუნებრივი აირი, ისევ არ მიეწოდება. კვლევის საგანია აღდგენის პროცესის გაჭიანურებაც. არ არის გამორიცხული „თბილისი ენერჯის“ აბონენტებისთვის კომპენსაციების გადახდაც მოუწიოს. „თბილისი ენერჯის“ ოფიციალური პოზიციაა, რომ გაზის გათიშვის მიზეზი სავარაუდოდ, მესამე პირის მიერ გამოწვეული დაზიანება იყო.