გავრცელებული წერილი – შეფასებები
28 ნოემბრის ცნობილი განცხადებიდან ზუსტად ერთი წლისთავზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დაანონსდა.
საორგანიზაციო ჯგუფს, რომელმაც დღეს პარლამენტის წინ შესაბამისი განცხადება წაიკითხა, განმარტებების გაკეთება უწევს. მიზეზი ერთ-ერთი მედია საშუალებით გავრცელებული ინფორმაციაა. ტექსტი, რომელიც პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო ორგანიზაციების, საპროტესტო ჯგუფებისა და დაკავებული დემონსტრანტების ოჯახების სახელით ერთ-ერთმა სამოქალაქო აქტივისტმა წაიკითხა, „პრაიმ ტაიმმა“ წუთებით ადრე ინგლისურ ენაზე გაავრცელა და მის ავტორად, ბრიუსელიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ევროკავშირის მაღალჩინოსნები დაასახელა. მედია საშუალება ამტკიცებს, რომ ტექსტის უცვლელად წაკითხვა ბრიუსელიდან მიღებული დავალებაა. 28 ნოემბრის აქციის ორგანიზატორები ამტკიცებენ, რომ შიდა მიმოწერის ჯგუფებში გაზიარებული განცხადება სუს-ის აგენტებმა მიზანმიმართულად გაავრცელეს.
მედიით გავრცელებული ცნობა კიდევ ერთი მტკიცებულებაა მმართველი გუნდისთვის, რომელიც ოპონენტებს უცხოეთიდან მიღებული დავალებებით მოქმედებაში ადანაშაულებს.