გავრცელებული წერილი – შეფასებები
საპროტესტო აქციების საორგანიზაციო ჯგუფის მიერ წაკითხულ განცხადებაზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება. მიზეზი – ერთ-ერთი მედია საშუალებით გავრცელებული ინფორმაციაა, რომლის მიხედვითაც, ტექსტი, რომელიც პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო ორგანიზაციების, საპროტესტო ჯგუფებისა და დაკავებული დემონსტრანტების ოჯახების სახელით ერთ-ერთმა სამოქალაქო აქტივისტმა წაიკითხა, „პრაიმ ტაიმმა“ ცოტა ხნით ადრე ინგლისურ ენაზე გაავრცელა და მის ავტორად, ბრიუსელიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ევროკავშირის მაღალჩინოსნები დაასახელა. მედიასაშუალება ამტკიცებს, რომ ტექსტის უცვლელად წაკითხვა ბრიუსელიდან მიღებული დავალებაა. აქციის ორგანიზატორების განმარტებით, ტექსტის შინაარსი საჯარო იყო შიდა მიმოწერის ჯგუფებში და მისი გავრცელება ყველას შეეძლო. მმართველი გუნდისთვის კი – მედიით გავრცელებული ინფორმაცია, კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ოპონენტები უცხოეთიდან მიღებული დავალებებით მოქმედებენ. საორგანიზაციო ჯგუფმა გუშინ საპროტესტო აქცია დააანონსა, რომელიც 28 ნოემბერს გაიმართება. ამ დღეს ერთი წელი გადის ირაკლი კობახიძის იმ განცხადებიდან, რომელიც 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხის არ დაყენებას გულისხმობდა და რის შემდეგაც, საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში სხვადასხვა უწყვეტი პროტესტი დაიწყო.