ეუთო-ს თავმჯდომარის ვიზიტის სკანდალური დასასრული.
რატომ არ შედგა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ელინა ვალტონენს შორის დღეს დილით დაგეგმილი შეხვედრა – ორივე მხარე აუდიენციას მისი მხრიდან გაუქმებულად აცხადებს. მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებიდან რამდენიმე საათში საპირისპირო ცნობა გავრცელდა. საქართველოს მთავრობა შეხვედრის გაუქმების მიზეზად პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ეუთო-ს თავმჯდომარის მისვლას ასახელებს. ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საკმაოდ მწვავე გზავნილები რუსთაველის გამზირზე ჩაწერილ მიმართვაშიც გააჟღერა. ელინა ვალტონენი აკრიტიკებს მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს, საუბრობს მედიის და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაზე და ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ კრიზისიდან გამოსასვლელი გზა იპოვოს. საპასუხო რეაქციები არანაკლებ მძიმეა. ეუთო-ს თავმჯდომარე მმართველი გუნდიდან ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევაშიც დაადანაშაულეს.