„გაუმარჯოს!“- ქართული ფესტივალი ტოკიოში

ტოკიოში რიგით მესამე ქართული ფესტივალი, სახელწოდებით „გაუმარჯოს!“ გაიმართა. ფესტივალს, რომელიც ქალაქის ცენტრში, იოიოგის პარკში ჩატარდა, ათასობით ადამიანი დაესწრო. ღონისძიება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ გახსნა. ფესტივალზე მაყურებლის წინაშე წარდგნენ იაპონიაში მოქმედი ქართული ცეკვის ანსამბლები – „საფირონები“ და „იაპონელები“, რომლებმაც ქართული ცეკვები შეასრულეს.

ქართული პოლიფონია წარმოადგინეს იაპონურმა ანსამბლებმა „გეინო იამაშიროგუმიმ“ და „ამფორამ“. ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყო ქართული ღვინის, კერძებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-დეგუსტაცია. აღსანიშნავია, რომ ქართული ფესტივალი „გაუმარჯოს“,  ტოკიოში 2023 წლიდან იმართება და ყოველწლიურად 40 000-მდე მაყურებელს მასპინძლობს.