გატაცებულის ოჯახის მოთხოვნა

რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონის მცხოვრები გელა როსტობაიას ოჯახი დახმარებას ითხოვს. როგორც როსტობაიას მშობლები აცხადებენ, მათი შვილი ოკუპანტებმა წუხელ გალის იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე რჩება. ოჯახი ვარაუდობს, რომ მას, სავარაუდოდ, ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებას წაუყენებენ და გასათავისუფლებლად გარკვეული თანხა იქნება საჭირო, რისი გადახდის საშუალებაც არ აქვთ. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გელა როსტობაიას საოკუპაციო ხაზი არ გადაუკვეთავს.

რუსმა ოკუპანტებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონის მცხოვრები, 40 წლის გელა როსტობაია გუშინ საღამოს გაიტაცეს. გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ მისი დაკავება მაშინ მოხდა, როცა მდინარე ენგურზე თევზაობდა.