გატაცებულების გათავისუფლება 

ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია. ნიკა ბეჟიტაშვილი და კვირიკე ელიზბარაშვილი ერგნეთში ქართველ სამართალდამცველებს გადასცეს. გათავისუფლებულები ე. წ საზღვრის კვეთისთვის დადგენილი ჯარიმის გადახდის გარეშე გაათავისუფლეს. გათავისუფლებულები ამბობენ, რომ დაკავებისას რუსმა სამხედროებმა მათი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლეს.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევის მიმდებარედ ორი მოქალაქე გუშინ დააკავეს და ცხინვალში, დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებული იყო „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია მიეწოდა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამ დროისთვის ცხინვალში უკანონო პატიმრობაში რჩება საქართველოს ხუთი მოქალაქე. მათ გასათავისუფლებლად საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს.