გატაცება საოკუპაციო ზოლთან

კასპის რაიონში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიიდან, ოკუპანტების მიერ ფეხში დაჭრილი და გატაცებული 33 წლის ზაზა გახელაძის ოჯახში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ ოჯახისგან ინფორმაცია მოისმინეს. ოჯახს დაუკავშირდნენ „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც. ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან გუშინ დააკავეს. ის ფეხშია დაჭრილი და ახალგორის საავადმყოფოშია მოთავსებული. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მედია აცხადებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათივე ცნობით, გახელაძემ ე.წ. მესაზღვრეებს სანადირო თოფიდან ესროლა და საპასუხო ცეცხლის შედეგად დაიჭრა.