გატაცება საოკუპაციო ზოლიდან

კასპის რაიონიდან გატაცებული ორი მამაკაცი, სავარაუდოდ, ოკუპირებული ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები ვასილ პატარკაციშვილისა და დიმიტრი ისერგიშვილის ოჯახს ამ დრომდე არ დაკავშირებიან. სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრებლები ვარაუდობენ, რომ ე.წ. სასამართლო, შესაძლოა, მომავალ კვირაში გაიმართოს, რის შემდეგაც დაკავებულებს, სავარაუდოდ, გაათავისუფლებენ.

საქართველოს მოქალაქეები რუსმა სამხედროებმა სოფელ ყარაფილასთან 9 მაისს აიყვანეს. ინფორმაციას მათი დაკავების შესახებ ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ორი მამაკაცი, სავარაუდოდ, ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით აიყვანეს.

ოკუპანტებმა ისინი მაშინ დააკავეს, როდესაც ადგილობრივები სატაცურს აგროვებდნენ. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.